ჩოჩიშვილს „მანჩესტერ სიტი“ იწვევს

ჩოჩიშვილს „მანჩესტერ სიტი“ იწვევს

19.07.2017 | 09:56

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარეს გიორგი ჩოჩიშვილს ინგლისური გრანდი „მანჩესტერ სიტი“ იწვევს.

ეს სენსაციური სიახლე 19 წლის მეკარემ თავად გაუმხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.

„სულ 7 უცხოური კლუბი დაინტერესდა, ინგლისში „მანჩესტერ სიტი“, გერმანიაში – დიუსელდორფის „ფორტუნა“, ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი „სარაგოსა“. ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები სწორედ ამ დროს გამოჩნდა. იმედია, რომ მალე კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ კვირას ახალ გუნდში ვივარჯიშებ“ – აღნიშნა გიორგი ჩოჩიშვილმა. 

ამ საკითხს მეორე მხარე აქვს - დიდი ბრიტანეთის შრომის სამინისტრო სამუშაო ვიზას გასცემს მხოლოდ იმ ფეხბურთელზე, რომელსაც (ტრანსფერამდე) ბოლო ორ წელიწადში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მატჩების 75 პროცენტი უთამაშია. ამავე დროს, სამუშაო ვიზა არ გაიცემა იმ ქვეყნის ფეხბურთელზე, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში 70-ეზე დაბალ საფეხურზე იმყოფება. საქართველო კი ამ რეიტინგში 112-ეა.

ჩოჩიშვილის თქმით, „მანჩესტერ სიტი“ მის აყვანას თუ გადაწყვეტს, ეს პრობლემა არ გახდება.

„ამ საკითხით მეც დავინტერესდი და მითხრეს, რომ ინგლისელებს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებზე განსხვავებული მიდგომები აქვთ. ასე რომ, მიწვევის შემთხვევაში, სამუშაო ვიზის აღება პრობლემა არ უნდა იყოს“, - განაცხადა სპორტსმენმა. 

საქართველოში დასრულებულ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა გაიმარჯვა. ბრიტანელთა გამორჩეული მოთამაშეები სწორედ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები იყვნენ - ნახევარფინალსა და ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი ლუკას ნმეჩა და მისი პარტნიორი, ისაკ ბარკლი-რიკეტსი. გახდება თუ არა ჩოჩიშვილი მათი თანაგუნდელი, უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.

ჩოჩიშვილი საფეხბურთო სკოლა „საბურთალოს“ გაზრდილია და იჯარით ლიგა 3-ის „შევარდენი 1906“-ში თამაშობდა. 19 -წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე, გიორგი ჩოჩიშვილს თბილისურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

 

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები