შარშანდელზე უკეთესი შედეგისთვის

შარშანდელზე უკეთესი შედეგისთვის

22.03.2017 | 18:20

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით დღეს, უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიას ერკინებიან და აქვთ შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გააუმჯობესონ და ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ.

შეგახსენებთ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შარშან პირველად ითამაშეს 20-წლამდელთა ჩემპიონატში, მეოთხე მატჩში იტალიას სძლიეს და სპორტულადაც მოიპოვეს წლევანდელ ტურნირში თამაშის უფლება (როგორც მასპინძელს, ეს უფლება დაბევებული გვქონდა), დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩნენ და საბოლოოდ მე-10 ადგილს დასჯერდნენ.

მეოთხე მატჩი წელსაც მოვიგეთ, ამჯერად არგენტინასთან 26:25 და ხვალ, 18 ივნისს, მე-9 ადგილისთვის ირლანდიას ვერკინებით, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა დათმო (ახალ ზელანდიასთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან) და პლეი ოფში სამოას 52:26 სძლია. თამაში ‘მიხეილ მესხზე’ 13 საათზე დაიწყება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სტადიონის სალაროებში, ასევე ვებ-გვერდზე TKT.GE/U20

 

სამი ცვლილება

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა არგენტინასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. გარემარბად აკაკი ტაბუცაძეს ნაცვლად საბა სვიმონიშვილს ვიხილავთ, ბურჯმა ლაშა ტაბიძემ თადარიგში გადაინაცვლა და თამაშს გურამ პაპიძე იწყებს, ბექა საღინაძემ მეორედან მესამე ხაზში გადაინაცვლა და თორნიკე ჯალაღონიას ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი დადგება.

 

გუნდის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ფიქრობს, რომ არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ ბიჭები ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან:

 

„არგენტინასთან მატჩის დასრულებისთანავე დავიწყეთ ზრუნვა აღდგენაზე. იმავე დღეს გვქონდა ყინულის აბაზანები, მომდევნო დღის დილის ვარჯიშიც აღდგენას დაეთმო, ხოლო საღამოს ბიჭები სახლებში გავუშვით. ეს მნიშვნელოვანი იყო განტვირთვისთვის, რადგან დიდი ხანია შეკრებაზე ვართ და მათ ოჯახის წევრები, ახლობლები მოენატრათ. ეს იყო დასვენების ნაწილი, მეორე დღეს ბაზაზე ყველა დროულად გამოცხადდა.

 

გვქონდა ვიდეო-ანალიზი, როგორც ჩვენი, ასევე მომავალი მეტოქის თამაშების. ირლანდია ძლიერი გუნდია და ეს მათ სამოასთან მატჩში დაამტკიცეს, თუმცა მომავალ შეხვედრას ჩვენც ოპტიმალურ ფორმაში ვხვდებით. არგენტინასთან მოგების მომენტიდან, ჩვენი მიზანი ირლანდიის დამარცხება და მე-9 ადგილის დაკავება გახდა, მომავალ თამაშს უძლიერესი შემადგენლობით ვატარებთ. მნიშვნელოვანია, რომ გავანეიტრალოთ მეტოქის ძლიერი მხარეები და გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობები.

 

ძალიან დიდი როლი ენიჭება მაყურებლის ფაქტორს, რომლის შეძახილები დიდ მუხტს გვმატებს და იმედია ხვალ ქომაგის გახარებას შევძლებთ“.

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

18 ივნისი. IX ადგილისთვის

თბილისი. მიხეილ მესხი. 13:00

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები