რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

24.10.2018 | 23:24

მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. 

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფიფას და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპლექსი სიმბოლური დარტყმით გაიხსნა და ოფიციალური სტუმრებისათვის საჩვენებელი ტური ჩატარდა, რის შემდეგაც გამომსვლელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც დღეიდან ახალ აკადემიაში იცხოვრებენ, წარმატება უსურვეს.

ღონისძიების მასპინძელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ოფიციალურ მიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს მაქსიმალური ჩართულობისთვის და აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„უპირველესად მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად ამაყი ვარ ამ პროექტით , რომელიც წარმოადგენს  წარმოადგენს ქართული პროფესიული ფეხბურთის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რადგან სფეროს განვითარება წარმოუდგენელია ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გარეშე.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროექტში არ დახარჯულა სახელმწიფო ბიუჯეტი- სრული ხარჯი მოზიდული ინვესტიციებით განხორციელდა. 

ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ და სხვა მიმართულებებით ხელს ვუწყობთ ქვეყანაში სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის პოპულარიზაციას. რაც დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და სასიხარულია, რომ ამის დაკვეთა სახელმწიფოსგან მოდის. ის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იქნება ჩართული არამხოლოდ პროფესიონალურ, არამედ მოყვარულთა ფეხბურთშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში თაობების უკეთესი მომავლისათვის და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 
უდიდესია ფიფასა და უეფას წვლილი, რომლებიც დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად და იზიარებენ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას.

ფეხბურთის ფედერაციის ხედვა, სწორედ აკადემიების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მოიცავს - აკადემია არის ღირებული ინფრასტრუქტურული  და სპორტული პროექტი, რომელიც წარმოადგენს სრულ საფეხბურთო კომპლექსს. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას აღნიშნული მოვლენა მიულოცა და ფეხბურთის ფედერაციასთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა:

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ქართულ სპორტს და სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა უნიკალური საერთაშორისო სტრანდარტებით აშენებული საფეხბურთო აკადემია. წლების განმავლობაში მთელი საზოგადოების გულისწყრომის საგანი გახლდათ ის, რომ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა ბავშვთა ფეხბურთს, ხოლო ბავშვთა ფებურთის განვითარების გარეშე, დიდ ფეხბურთში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია და შესაბამისად ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი პროექტი განხორციელდა.

მინდა, გითხრათ ,რომ ეს არ არის ერთადერთი და ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს მრავალი ასეთი ობიექტის აშენება რეგიონების მასშტაბით. ჩვენთვის სპორტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით და ფეხბურთს ამ ტრადიციებში ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა. 

ვფიქრობთ, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება არის სწორედ მომავალი წარმატების გასაღები. ძალიან დიდი პრიორიტეტი აქვს ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობას სპორტში და სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურაა საჭირო რომ მასობრივი სპორტის ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ...

მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და  ყველა იმ ადამიანს, ვისი დამსახურებაც არის დღევანდელი დღე. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ.“- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ფეხბურთის მიმდინარე განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს დღე დასტურია იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის. მანვე ნაკრების წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის დიდი სტიმულია:

„ფეხბურთი არის ის სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარს. ამიტომ, განსაკუთრებულად გვახარებს ის წინსვლა და აღმავლობა, რომელსაც განიცდის ჩვენი ფეხბურთი. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში სულსა და გულს დებს. გვიხარია, რომ ეს ყველაფერი კეთდება, ეროვნული ნაკრების ფონზე, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს. დღევანდელი დღე, ამ ბაზის მოწყობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენს ქვეყანაში...

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელიც, ნამდვილად, სულს და გულს დებს ამ საქმეში და ყველა ვხედავთ, რომ არა სიყვარული ამ საქმის მიმართ, ეს ყველაფერი ასეთი ხარისხითა და სახით ვერ გაკეთდებოდა, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციას და რომელიც ჩართულია ამ, ნამდვილად, საშვილიშვილო საქმეში. მინდა, მივესალმო ახლაგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც აქ მოღვაწეობენ და ვუსურვო ყველაზე ამბიციური ოცნებების ასრულება.“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


GFF.GE