რონალდუ ტრავმირებულია

რონალდუ ტრავმირებულია

26.03.2019 | 12:04

კრიშტიანუ რონალდუს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დროებითი პაუზა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აიღო და ეროვნულ გუნდს ევრო 2020 შესარჩევ ციკლში დაუბრუნდა.

პირველი ტურის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები უკრაინას დაუხვდა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე საშინაო შეხვედრა კრიშტიანუსთვის ცუდად დაიწყო. სერბებთან მატჩის საწყის წუთებში მას ჯერ ცხვირი გაუტეხეს, 30-ე წუთისათვის კი როდესაც რონალდუ ბურთისთვის დაწევას ცდილობდა, კუნთი გაიჭიმა და შეცვლა მოითხოვა.

თუ რა დრო დასჭირდება ტრავმის მოშუშებას, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ. თავად ფეხბურთელი კი თავის გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწებს და აღნიშნავს, რომ ის საკუთარ სხეულს კარგად იცნობს და 2 კვირაში სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 16 დღეში ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ელის ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ. მანამდე კი "ბებერ ქალბატონს" სერია ა-ს ეგიდით მატჩები "ემპოლის", "კალიარისა" და "მილანის" წინააღმდეგ ელის. 

რონალდუმ უკანასკნელად ტრავმა გასული სეზონის ბოლოს "ბარსელონასთან" (2:2) მატჩში მიიღო. მაშინ, პორტუგალიელმა ტერფი დაიზიანა და მის აღდგენს 7 დღე მოანდომა.

რაც შეეხება კუნთის ტრავმას, რონალდუმ ის უკანასკნელად 2017 წლის დეკემბერში მიიღო და მის მოსაშუშებლად მხოლოდ 3 დღე დასჭირდა. მსგავსი დაზიანებების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ კრიშტიანუს 2 კვირაზე მეტი არასოდეს გაუცდენია (2011 წელი - 11 დღე, 2014 წელი - 13 დღე, 2017 წელი - 4 დღე). აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ის "აიაქსთან" მატჩისთვის სრულად ჯანმრთელი იქნება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ოქროს ბურთის" ხუთგზის გამარჯვებულს ყველაზე მძიმე ტრავმა დაახლოებით 10 წლის წინ ჰქონდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის დროს რონალდუმ მუხლის მყესის დაზიანების გამო 94 დღე იუქმა.

 

ზურა ბაიდარაშვილი