მინო რაიოლა: “მირაბელი დონარუმას იყენებს”

მინო რაიოლა: “მირაბელი დონარუმას იყენებს”

15.12.2017 | 10:44

"მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაილოამ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას, კლუბის სპორტული დირექტორის, მასიმილიანო მირაბელის მიერ მის მიმართ გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურა.

"მირაბელი დონარუმას ჩემთან პირადი ანგარიშსწორების გამო იყენებს. არ ვაპირებ პრესაში ცირკი გავმართო, რათა ამით ჯიჯიოს რამე არ ვავნო. მირაბელის სადაც საჭიროა იქ გავცემ სათანადო პასუხს. ჯიჯიოს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არაფერი დაუშავებია, ამიტომ არ ღირს ჩემთან საომრად მისი გამოყენება.

ყველასთვის ნათელია, რომ "მილანის" პრობლემა არც ჯანლუიჯია და არც ანტონიო ("მილანის" მესამე მეკარე, დონარუმას უფროსი ძმა). უცნაურია, რომ არც კლუბს და არც მირაბეის არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ ჯიჯიოს მისამართით გამოფენილი ბანერის შემდეგ.

ჩვენ არ მოგვითხოვია "მილანისთვის" ანტონიოსთან კონტრაქტის გაფორმება. ეს თავად მირაბელიმ გადაწყვიტა და ახლა თავის დაცვა უწევს. 

ეს სკანდალი მირაბელის აწყობს, რათა ამით ყურადღება გადააქვს და თავს არიდებს ნამდვილ პრობლემებს, რომელიც ამჟამად "მილანშია" შექმნილი", - განაცხადა რაიოლამ.

 

ზურა ბაიდარაშვილი