ზვიად სიხარულია: “რუსთაველებს უბრალოდ გაუმართლათ”

ზვიად სიხარულია: “რუსთაველებს უბრალოდ გაუმართლათ”

18.11.2017 | 23:35

საფეხბურთო კლუბმა ბოლნისის "სიონმა" პლეი ოფის საგზური სამი ტურით ადრე გაინაღდა და დარჩენილ თამაშებს მშვიდად ხვდება. ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის შეხვედრაში ბოლნისურმა გუნდმა საკუთარ კედლებში გათამაშების ლიდერთან მინიმალური ანგარიშით - 0:1 წააგო.

"სიონი" გარდამავალ ჩემპიონატში პლეი ოფიდან გამოვარდა. რასაც კლუბში დიდი ცვლილებები მოჰყვა. ახალ ხელმძღვანელობას შიგნით მძიმე მდგომარეობა დახვდა. სახელფასო დავალიანებასთან ერთად, გუნდში მხოლოდ და მხოლოდ სამი ფეხბურთელი ირიცხებოდა. მიუხედავად ამისა, ახალმა ხელმძღვანელობამ მოახერხა იმ კონტინგენტის მოძებნა, რომელიც შეძლებდა "სიონის" ღირსება სათანადოდ დაეცვათ.

"სიონის" ღირსებას იცავს, ნახევარმცველი ზვიად სიხარულია, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია ბოლნისური გუნდის რიგებში. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ხუთი გოლის გატანა შეძლო. რა იყო მიზეზი რუსთავთან მარცხის, აქვს თუ არა შანსი "სიონს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების, ამ და სხვა თემებზე allsport.ge-ი სიხარულიას ესაუბრა:

 

- ბოლო შეხვედრა ლიდერ რუსთავთან გამართეთ. შეაფასეთ ეს მატჩი.

- მიუხედავად იმისა, რომ პლეი ოფის საგზური განაღდებული გვაქვ, დღეს, მოედანზე სამი ქულისთვის მოტივირებულები გამოვედით. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ და დავიხარჯეთ. დაცვაში დავუშვით შეცდომა, რაც მეტოქემ არ გვაპატია. რუსთავი საჩემპიონო გუნდია და რა თქმა უნდა, გუნდს, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან სჭირდებოდა გამარჯვება, შანს ხელიდან არ გაუშვებდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსთაველებს დღეს უბრალოდ გაუმართლდათ.

 

- ზოგადად როგორი სეზონი იყო წელს? რა იყო მაქსიმუმი დაგეგმილი და არის თუ არა დღეს ის შედეგი რასაც ელოდებოდით?

- მთლიანობაში კარგი სეზონი ჩავატარეთ. გუნდის მიზანი სამეულში მოხვედრა იყო და ჩვენ ეს ჩემპიონატის დასრულებამდე, სამი ტურით ადრე გავინაღდეთ. ახლა მხოლოდ უმაღლესის ბილეთის მოპოვებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს დიდი შანსი და ეს უნდა გამოვიყენოთ. გუნდი, რომელიც უმაღლესი ლიგიდან აქამდე არასდროს გავარდნილა, მალევე უნდა დაბრუნდეს თავის ადგილზე.

 

- რა იყო სიონში მთავარი პრობლემა როდესაც თქვენ მოხვედით?

- ბოლნისის "სიონი" კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელიც ახალ სეზონს რიგი მიზეზების გამო, ერთ -ერთი ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა. ამის ფონზე გუნდმა შეძლო არათუ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ეთამაშა, არამედ იბრძვის უმაღლესში დასაბრუნებლად და ამის დიდი შანსი აქვს.

 

- სჭირდება გუნდს რომელიმე პოზიციაზე გაძლიერება ახალი სეზონისთვის?

- რა თქმა უნდა, ახალი სეზონიდან გუნდს სჭირდება ახალი სისხლი და გაძლიერება, თუმცა ეს ხელმძღვანელების გადასაწყვეტია.

 

- თქვენს კარიერაზე რას მეტყვით? გეგმებზე, სურვილებზე. გსურს დარჩენა "სიონში"?

- რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მე დღეს "სიონის" ფეხბურთელი ვარ და ვთამაშობ ამ გუნდისთვის. დიდი სურვილი მაქვს მომავალ სეზონში ისევ "სიონის" მაისურით ვიასპარეზო, უკვე უმაღლეს ლიგაში. ამ კლუბში პროფესიონალები მუშაობენ, კარგი გარემოა. რატომაც არა, თუკი ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვსურს, სიამოვნებით გავაგრძელებ ურთიერთობას ამ კლუბთან.

 

- ზოგადად მოგეწონა განახელებული ჩემპიონატი?

- ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის ამ ფორმაციამ გაამართლა. საინტერესო ტურები შედგა, როგორც პირველ, ისე მეორე ლიგაში.

 

ლევან ქობალია

4.20 avg. rating (85% score) - 5 votes